ხობში EcoLab სენსორებით გარემოს მონიტორინგის მეორე საველე გასვლა განხორციელდა

29 აგვისტო 2026

სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის მოხალისეებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს.

29 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ ფარგლებში გარემოს მონიტორინგის მეორე საველე ვიზიტი გაიმართა.

ჩვენმა ყოჩაღმა სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის მოხალისე მოსწავლეებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს და სენსორების საშუალებით მიღებული მონაცემები დააფიქსირეს.

საველე მონიტორინგი ხობის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ სამ განსხვავებულ ლოკაციაზე ჩატარდა:

  • მდ. ხობისწყალში ჩამავალი არხი, ჭყონდიდელის ქუჩის ხიდთან;

  • მდ. ხობისწყალი, ქ. ხობის შესასვლელთან / ჭყონდიდელის ქუჩის ხიდთან;

  • ხობის ცენტრალური პარკი.

შერჩეული ლოკაციების სპეციფიკის შესაბამისად, მონაწილეები დააკვირდნენ და გაზომეს წყლისა და ჰაერის სხვადასხვა მაჩვენებელი, ასევე - ხმაურისა და განათების დონე. საველე სამუშაოების ფარგლებში მიღებული მონაცემები დაფიქსირდა შესაბამის ჩანაწერებში და მომდევნო ეტაპზე გამოყენებული იქნება შერჩეულ ლოკაციებზე სხვადასხვა ვიზიტის დროს მიღებული შედეგების ანალიზისა და შედარებისთვის.

გარემოს მონიტორინგის მეორე საველე ვიზიტი განხორციელდა პროექტის სამოქალაქო მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ღამბაშიძის, ხელმძღვანელობითა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის პედაგოგის, ფატიმა ბოჯგუას, აქტიური მონაწილეობით. საველე სამუშაოები უსაფრთხოების სრული წესების დაცვით ჩატარდა.

პროექტის საორგანიზაციო გუნდმა უზრუნველყო მონაწილეთა გადაადგილება გარემოს მონიტორინგის ლოკაციებს შორის, ასევე საველე სამუშაოებისთვის საჭირო EcoLab-ის სენსორები, აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები.

აღნიშნული აქტივობა გარემოს მონიტორინგის მეორე ციკლის საველე ეტაპს წარმოადგენდა. თითოეული მონიტორინგის ციკლი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: პირველ ეტაპზე მონაწილეები საველე პირობებში ატარებენ გარემოზე დაკვირვებას და EcoLab-ის სენსორების გამოყენებით აგროვებენ მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე ამუშავებენ და აანალიზებენ მიღებულ შედეგებს, ამზადებენ ანგარიშებსა და ვიზუალურ მასალებს და მიღებულ ინფორმაციას საკუთარ სკოლებსა და ადგილობრივ საზოგადოებას უზიარებენ.

მეორე საველე ვიზიტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეუმჯობესებინათ გარემოს პირველი მონიტორინგის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ EcoLab-ის სენსორები რეალურ გარემოში და ეტაპობრივად დაეგროვებინათ დაკვირვების მონაცემები შერჩეულ ლოკაციებზე.

შემდეგ ეტაპზე მონაწილეები შეგროვებულ მონაცემებს გააანალიზებენ და შესაბამის მასალებს მოამზადებენ. გარემოზე დაკვირვების შედეგები და მომზადებული ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება GoGreen ვებპორტალზე, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის.

თვალი ადევნეთ GoGreen ვებპლატფორმასა და Facebook გვერდს — უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ ჩვენი მონაწილეების მიერ მომზადებულ გარემოზე დაკვირვების ანგარიშებს, ასევე პრეზენტაციებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ სკოლებსა და თემს გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ გარემოზე დაკვირვების პრაქტიკული უნარების განვითარებასთან ერთად, პროგრამა მონაწილეებს ეხმარება მონაცემებთან მუშაობის, შედეგების გაანალიზების, ვიზუალურად წარმოდგენისა და აუდიტორიისთვის წარდგენის უნარების განვითარებაშიც.

🔬 მნიშვნელოვანი განმარტება: გარემოს მონიტორინგის საველე ვიზიტები სასწავლო და შემეცნებითი მიზნებით ხორციელდება, ხოლო EcoLab წარმოადგენს საგანმანათლებლო სენსორების ნაკრებს. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში სენსორებით მიღებული მონაცემები გამოიყენება გარემოზე დაკვირვების, მონაცემებთან მუშაობისა და სხვადასხვა დროსა და ლოკაციაზე მიღებული მაჩვენებლების შედარების პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის. აღნიშნული მონაცემები არ წარმოადგენს პროფესიული ან ოფიციალური გარემოსდაცვითი მონიტორინგის შედეგებს და მათი გამოყენება გარემოს მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დასკვნების გასაკეთებლად შესაბამისი პროფესიული მეთოდებით დამატებითი გადამოწმების გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.

სიახლეები