2017 წლის, 3-4 მარტს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა ტრენინგი ადვოკატებისათვის.
2017 წლის, 3-4 მარტს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა ტრენინგი ადვოკატებისათვის.
ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, გრძელდება იურიდიული საქმისწარმოების სისტემის – „Case Bank”-ის განვითარება, რომლის მეშვეობითაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საქმეებს აწარმოებენ. წარმატებით დასრულდა პროგრამის განახლების კიდევ ერთი ეტაპი, რომლის შედეგადაც, ელექტრონულ საქმისწარმოებაში ჩაერთვებიან კერძო პრაქტიკის მქონე ის ადვოკატები, რომლებიც, იურიდიული დახმარების სამსახურთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, რეგისტრირებულნი არიან „მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ და მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან.
3–4 მარტს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა ტრენინგი, რომელზეც რეესტრში რეგისტრირებული ის ადვოკატები დაესწრნენ, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს იურიდიული დახმარების ბიუროებს ემსახურებიან.
ტრენინგზე დამსწრე ადვოკატები „Case Bank”-ში დანერგილ სიახლეებს და პროგრამაში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ, გახსნა. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ დირექტორი მარიამ ზანგალაძე, რომელიც, 2009 წლიდან „Case Bank”-ის განვითარებაზე მუშაობს.
იურიდიული საქმისწარმოების სისტემა „Case Bank“-ის პირველი ვერსია იურიდიული დახმარების სამსახურში 2010 წელს დაინერგა, ხოლო 2014 წლიდან მოხდა მისი ახალ, უფრო მძლავრ პლატფორმაზე გადაყვანა გაეროს განვითარების პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. სისტემა თავს უყრის მონაცემებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეების, გაწეული კონსულტაციებისა და შედგენილი დოკუმენტების შესახებ. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკური მონაცემების მრავალმხრივი დამუშავება და ანალიზი.
„Case Bank“–ის განახლების მეორე ეტაპი 2016 წლიდან დაიწყო. გასულ წელს, საქმისწამოების ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებენ. 2017 წელს კი დაგეგმილია ვებ–აპლიკაციის განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს ადვოკატებს „Case Bank“–ში მუშაობა არა მხოლოდ ოფისიდან, არამედ ინტერნეტით აღჭურვილი ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ. „Case Bank“–ის განახლება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
მიმდინარე წლის 27 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალურ საქმეთა თბილისის ბიუროს ოფისმა ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში განახლებული იურიდიული საქმისწარმოების სისტემის (Case Bank 8.0) პრეზენტაცია გაიმართა.