Poti TechnoWave 2026 – ტექნოლოგიური ბანაკი ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობისა და პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებისთვის
ფოთში გარემოს მონიტორინგის მეორე საველე ვიზიტი გაიმართა
ფოთის Citizen Science პროგრამის მოხალისე მკვლევარებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს
31 აგვისტოს, ფოთში „მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ პროექტის ფარგლებში გარემოს მონიტორინგის მეორე საველე ვიზიტი გაიმართა.
ჩვენმა ყოჩაღმა სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის მონაწილეებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს და სენსორების საშუალებით მიღებული მონაცემები დააფიქსირეს.
მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, საველე სამუშაოები ორ ნაკადად და ოთხ ჯგუფად განხორციელდა. მონიტორინგისთვის ფოთის მუნიციპალიტეტში განსხვავებული ტიპის გარემოს მქონე ლოკაციები იყო შერჩეული:
-
ოქროს ტბა, მალთაყვა — თეთრი ხიდის მხარე;
-
მდინარე კაპარჭინა — გურიის ქუჩის ხიდის მიმდებარე ტერიტორია;
-
ფოთის ცენტრალური პარკი;
-
ფოთის პორტის მიმდებარე გზა / პორტისკენ მიმავალი სატრანსპორტო ზონა;
-
შავი ზღვა — ფოთის შუქურის მიმდებარე ტერიტორია.
პირველი ნაკადის საველე სამუშაოები დღის პირველ ნახევარში ჩატარდა: I ჯგუფმა მონიტორინგი ოქროს ტბაზე, ხოლო II ჯგუფმა მდინარე კაპარჭინაზე განახორციელა. მეორე ნაკადმა დღის მეორე ნახევარში იმუშავა — III ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ პარკში, IV ჯგუფმა კი ფოთის პორტის მიმდებარე სატრანსპორტო ზონაში აკვირდებოდა გარემოს. III და IV ჯგუფებმა გარემოზე დაკვირვება ასევე განახორციელეს შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის შუქურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შერჩეული ლოკაციების სპეციფიკის შესაბამისად, მონაწილეები დააკვირდნენ და გაზომეს წყლისა და ჰაერის სხვადასხვა მაჩვენებელი, ასევე ხმაურისა და განათების დონე. საველე სამუშაოების ფარგლებში მიღებული მონაცემები დაფიქსირდა შესაბამის ჩანაწერებში და მომდევნო ეტაპზე გამოიყენება მიღებული შედეგების ანალიზისა და შედარებისთვის.
გარემოს მონიტორინგის მეორე საველე ვიზიტი განხორციელდა პროექტის სამოქალაქო მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ღამბაშიძის, ხელმძღვანელობითა და ფოთის მეორე და მეთორმეტე საჯარო სკოლების მოხალისე პედაგოგების შალვა სარდალაშვილისა და ლუკა ცომაიას მონაწილეობით. საველე სამუშაოები მოსწავლეთა უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით ჩატარდა.
პროექტის საორგანიზაციო გუნდმა უზრუნველყო მონაწილეთა გადაადგილება გარემოს მონიტორინგის ლოკაციებს შორის, ასევე საველე სამუშაოებისთვის საჭირო EcoLab-ის სენსორები, აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები.
აღნიშნული აქტივობა გარემოს მონიტორინგის მეორე ციკლის საველე ეტაპს წარმოადგენდა. თითოეული მონიტორინგის ციკლი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: პირველ ეტაპზე მონაწილეები საველე პირობებში ატარებენ გარემოზე დაკვირვებას და EcoLab-ის სენსორების გამოყენებით აგროვებენ მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე ამუშავებენ და აანალიზებენ მიღებულ შედეგებს, ამზადებენ ანგარიშებსა და ვიზუალურ მასალებს, რათა მიღებული ინფორმაცია საკუთარ სკოლებსა და ადგილობრივ საზოგადოებას გაუზიარონ.
მეორე საველე ვიზიტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ პირველი მონიტორინგის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ EcoLab-ის სენსორები რეალურ გარემოში და ეტაპობრივად დაეგროვებინათ დაკვირვების შედეგები ფოთში შერჩეულ სხვადასხვა ლოკაციაზე.
შემდეგ ეტაპზე მონაწილეები შეგროვებულ მონაცემებს გააანალიზებენ და შესაბამის მასალებს მოამზადებენ. გარემოზე დაკვირვების შედეგები და მომზადებული ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება GoGreen ვებპორტალზე, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის.
თვალი ადევნეთ GoGreen ვებპლატფორმასა და Facebook გვერდს — უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ ჩვენი მონაწილეების მიერ მომზადებულ გარემოზე დაკვირვების ანგარიშებს, ასევე პრეზენტაციებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ სკოლებსა და თემს გაუზიარებენ.
გარემოზე დაკვირვების პრაქტიკული უნარების განვითარებასთან ერთად, პროგრამა მონაწილეებს ხელს უწყობს მონაცემებთან მუშაობის, შედეგების გაანალიზების, ვიზუალურად წარმოდგენისა და აუდიტორიისთვის წარდგენის უნარების განვითარებაშიც.
🔬 მნიშვნელოვანი განმარტება: გარემოს მონიტორინგის საველე ვიზიტები სასწავლო და შემეცნებითი მიზნებით ხორციელდება, ხოლო EcoLab წარმოადგენს საგანმანათლებლო სენსორების ნაკრებს. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში სენსორებით მიღებული მონაცემები გამოიყენება გარემოზე დაკვირვების, მონაცემებთან მუშაობისა და სხვადასხვა დროსა და ლოკაციაზე მიღებული მაჩვენებლების შედარების პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის. აღნიშნული მონაცემები არ წარმოადგენს პროფესიული ან ოფიციალური გარემოსდაცვითი მონიტორინგის შედეგებს და მათი გამოყენება გარემოს მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დასკვნების გასაკეთებლად შესაბამისი პროფესიული მეთოდებით დამატებითი გადამოწმების გარეშე მიზანშეწონილი არ არის.
🤝 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.
სიახლეები
-
29/8
-
29/8
ხობში EcoLab სენსორებით გარემოს მონიტორინგის მეორე საველე გასვლა განხორციელდა
სამოქალაქო მეცნიერების პროგრამის მოხალისეებმა EcoLab-ის საგანმანათლებლო სენსორების ნაკრების გამოყენებით გარემოზე დაკვირვება უკვე მეორედ ჩაატარეს.