მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამის პირველი ტრენინგი

11 ივლისი 2026

ფოთის ახალგაზრდულ ჰაბში წარმატებით დასრულდა მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამის (Teacher Digital Ambassadors Programme) პირველი ორდღიანი ტრენინგი

ფოთის ახალგაზრდულ ჰაბში წარმატებით დასრულდა მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამის (Teacher Digital Ambassadors Programme) პირველი ორდღიანი ტრენინგი, რომელმაც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები გააერთიანა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული წიგნიერების, ონლაინ უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში გამოყენებისა და სამოქალაქო მეცნიერების (Citizen Science) მიდგომების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო GoGreen პლატფორმის შესაძლებლობებსა და გარემოსდაცვითი მონაცემების გამოყენებას სასწავლო პროცესსა და ადგილობრივ ინიციატივებში.

ორდღიანი პროგრამა თეორიულ სესიებთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა. მონაწილეები გუნდურად მუშაობდნენ ადგილობრივი თემებისა და სკოლების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაზე, შეიმუშავეს შესაძლო ინიციატივები და დაგეგმეს კონკრეტული მოქმედებების სცენარები დასახული მიზნების მისაღწევად. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით პედაგოგებმა გაიმდიდრეს ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ციფრული ინსტრუმენტების, ხელოვნური ინტელექტისა და სამოქალაქო მეცნიერების (Citizen Science) მიდგომების გამოყენება რეალური სათემო პრობლემების გადასაჭრელად და გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაგეგმად.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამის სერტიფიკატი. მიღებული ცოდნა მათ შესაძლებლობას მისცემს გაამდიდრონ სასწავლო პროცესი თანამედროვე ციფრული მიდგომებით, განუვითარონ მოსწავლეებს ციფრული კომპეტენციები და წაახალისონ მათი ჩართულობა გარემოსდაცვით და სათემო ინიციატივებში.

ტრენინგის დასრულებით პროგრამა არ სრულდება. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ტრენინგის მონაწილე პედაგოგები, როგორც უკვე სერტიფიცირებული ციფრული ელჩები, საკუთარ სკოლებსა და თემებში დაგეგმავენ და განახორციელებენ სათემო აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირებას ან/და მიღებული ცოდნის თემში გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში ისინი პროექტის განმახორციელებეი კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის გუნდისგან მიიღებენ მუდმივ მენტორულ და პროფესიულ მხარდაჭერას, რათა ინიციატივები წარმატებით განხორციელდეს და ადგილობრივ დონეზე მდგრადი ცვლილებების საფუძველი შეიქმნას.

ამასთან ერთად, მასწავლებელ ციფრულ ელჩთა პროგრამა ხელს უწყობს სკოლებში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, ინოვაციური სწავლების პრაქტიკის დანერგვასა და პედაგოგთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ აქტიური როლი შეასრულონ მომავალი თაობის ციფრული უნარებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია იდეა დიზაინ ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობის მიერ.

სიახლეები