Technovation Girls 2023 საქართველო

20 მაისი 2023

Technovation Girls 2023 საქართველოს ძალიან საინტერესო და იმავდროულად ამაღელვებელი ღონისძიება გაიმართა 2023 წლის 20-21 მაისს ალტე უნივერსიტეტში

Technovation Girls 2023 საქართველოს ძალიან საინტერესო და ამავდროულად ამაღელვებელი ღონისძიება გაიმართა 2023 წლის 20-21 მაისს ალტე უნივერსიტეტში ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის ნანა დიხამინჯიას ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად ამ საერთაშორისო პროექტის საქართველოს ელჩიც გახლავთ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ტექნოლოგიებით გატაცებულმა გოგონების გუნდებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რომლებიც მოხალისე მენტორებისა და ექსპერტების ჩართულობით განახორციელეს, ხოლო მოხალისე ჟიურიმ გამოავლინა ნახევარფინალისტი სამ-სამი გუნდი უმცროს (12-15 წელი) და უფროს (16-18 წელი) ასაკობრივ კატეგორიებში.

ჩვენთვის დიდი პატივია და სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი გახლავთ ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი.

20 მაისს უმცროსი ასაკის გოგონათა გუნდების პრეზენტაციების წარდგენის ღონისძიებას ჟიურის წევრის სტატუსით დაესწრო ჩვენი კომპანიის ხელძღვანელი მარიამ ზანგალაძე. ასევე ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლენილ გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ ჩვენი კომპანიის მიერ დაწესებული საჩუქრები.

საქართველო უკვე მეორე წელია ჩაერთო Technovation Girls საერთაშორისო პროექტში, რომელშიც უკვე მეთორმეტე წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონა მონაწილეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გოგონები ჩაბმულნი არიან შემდეგ საქმიანობაში:

  • იკვლევენ მათ გარშემო არსებულ პრობლემებს,
  • აყალიბებენ მათი გადაჭრისთვის საჭირო იდეებს,
  • სწავლობენ ამ იდეის განხორციელების ტექნოლოგიურ გზებს,
  • გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და STEM მასწავლებელთა ასოციაცია. პროექტის მედია მხარდამჭერია: Forbes Women Georgia

პროექტის მხარდამჭერები არიან: TBC Bank, იდეა დიზაინ ჯგუფი, სეზან ფაბლიშინგი, HT Solutions, Edison, edutech და  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში დარეგისტრირდა 550 გოგო და საბოლოოდ პროექტი ბოლომდე მიიყვანა 249 გოგომ, 61 გუნდით.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში ზაფხულში იგეგმება ყველა მონაწილე გოგონასთვის საზაფხულო 3 დღიან ბანაკში მიწვევა, სადაც გოგონები შეძლებენ როგორც მიღებული გამოცდილების ერთმანეთში გაზიარებას, ასევე შეხვდებიან ტექნოლოგიების დარგის მოხალისე ექსპერტებს და მათგან მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას, რაც მათ მომავალში თავიანთი პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი უკეთესი პროექტების წამოწყებაშიც დაეხმარებათ.

პროექტში მონაწილე ნახევარფინალისტი გუნდების შეფასების პროცესი გრძელდება უკვე საერთაშორისო მასშტაბით.

20-21 მაისს გამოვლენილ საქართველოს ნახევარფინალისი გუნდების წარდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს ყველა მონაწილე ქვეყნის ნახევარფინალისტ გუნდებთან ერთად, ხოლო შემდეგ ეტაპზე გასული გუნდები შემოდგომაზე გაემგზავრებიან კალიფორნიაში, სადაც გაიმართება ფინალური რაუნდი გამარჯვებულების გამოსავლენად.
 

სიახლეები