მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის ფოთსა და ხობის მუნიციპალიტეტში

15 ივნისი 2026 - 30 ოქტომბერი 2027

„მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ (Smart Communities: Digital Skills, Citizen Science and Data for Green Transition in Poti and Khobi Municipalities) პროექტის მიზანია ახალგაზრდებისა და პედაგოგების ციფრული უნარების განვითარება, სამოქალაქო მეცნიერების (Citizen Science) მიდგომების დანერგვა და გარემოსდაცვით მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტი აერთიანებს სამ ძირითად მიმართულებას:

ციფრული ელჩების პროგრამა (Digital Ambassadors Program)

პროგრამის ფარგლებში ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები (16–29 წელი) და პედაგოგები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც მათ დაეხმარება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ონლაინ უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პლატფორმების ეფექტიანად გამოყენებაში. მონაწილეები ასევე შეისწავლიან, როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა საკუთარი სკოლებისა და თემების განვითარებისთვის.

სამოქალაქო მეცნიერება (Citizen Science)

პროექტის მონაწილეები გარემოს მონიტორინგის საგანმანათლებლო მოწყობილობა EcoLab-ის გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე დააკვირდებიან გარემოს ძირითად პარამეტრებს, შეაგროვებენ და გააანალიზებენ მონაცემებს, ხოლო მიღებულ შედეგებს ადგილობრივი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის გამოიყენებენ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

  • იმუშავებენ გარემოს მონიტორინგის საგანმანათლებლო მოწყობილობა EcoLab-ით;

  • ჩაერთვებიან გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პროცესში;

  • განივითარებენ STEM, კვლევით და ანალიტიკურ უნარებს.

 

GoGreen ციფრული ჰაბი

პროექტის ფარგლებში შეგროვებული გარემოსდაცვითი მონაცემები, სასარგებლო რესურსები და ადგილობრივი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია განთავსდება GoGreen პლატფორმაზე, რომელიც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის, მწვანე ტრანზიციისა და საზოგადოებრივი დიალოგის ციფრულ სივრცედ განვითარდება.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის რეგისტრაცია და პირველი ტრენინგების ციკლი უახლოეს პერიოდში დაიწყება. რეგისტრაციისა და სხვა აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

პროექტს ახორციელებს იდეა დიზაინ ჯგუფი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში, რომელიც დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.