ბათუმში ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი გაიმართა

5 სექტემბერი 2022

5-9 სექტემბერს ბათუმში ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი გაიმართა.

მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობდა 5 კონტინენტის 49 უნივერსიტეტიდან 100 დამწყები სტუდენტი მეწარმე.

სასწავლო პროგრამა კალიფორნიის-ბერკლის უნივერსიტეტის, ასევე სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ლექტორებმა წარმართეს.

ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი გუნდის წევრებმა, ანუკა თოფურიძემ და გვანცა გუგუნავამ.

"პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა, საუკეთესო გამოცდილება მივიღე. ვისწავლე, როგორ უნდა ვიყო მეტად თავდაჯერებული, რომ არასდროს უნდა მოგვერიდოს აზრის და იდეის გაზიარება. ვისწავლე, რომ ლიდერი ყოველთვის კრიტიკის მსხვერპლია, თუმცა ამავდროულად ყველა დანარჩენისთვის საყრდენი ზურგი და იმედია. იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა მსგავს პროექტებში მონაწილეობის შანსი და მიღებულ გამოცდილებას პროფესიულ საქმიანობაში გამოვიყენებ”, - აღნიშნა ანუკამ. 

შთაბეჭდილებები გაგვიზიარა გვანცამ, მისთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იყო:

"მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობებისთვის. საშუალება მომეცა, მემუშავა და რჩევები მიმეღო სტარტაპ ეკოსისტემაში მოღვაწე პროფესიონალებისგან სილიკონის ველიდან. დიდი ცოდნა მივიღე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მეწარმეობა, გუნდური მუშაობა დალიდერობა”. 

ბუთქემფი განხორციელდა აჭარის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, მისი მიზანია ტექნოლოგიური მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

სიახლეები